აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის შეფასებით, იმედგამაცრუებელია, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესი გაგრძელდა, მიუხედავად შეთანხმებისა, რომ ეს არ მოხდებოდა სასამართლო რეფორმის გატარებამდე.
მისი განცხადებით, გაუგებარია, რა საჭირო იყო ამ პროცესის დაჩქარება.
"იმედგაცრუებული ვართ იმით, რომ ეს პროცესი გაგრძელდა, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ბევრი სხვა პრიორიტეტი, რომელზეც პარლამენტმა უნდა იმუშაოს.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არის 5 ვაკანტური პოზიცია არამოსამართლე წევრებისთვის, ეს პოზიციები თავისუფალია თვეების მანძილზე და რატომღაც, არავინ ჩქარობს მათ შევსებას მაშინ, როდესაც ისინი, საქართველოს კონსტიტუციით, წარმოადგენენ ხალხის აზრს სასამართლო სისტემაში.
შესაბამისად, რთული ასახსნელია, რატომ დაჩქარდა მოსამართლეების დანიშვნის პროცესი, როცა იგივე ადამიანები პარლამენტში, მათ შორის, მმართველი პარტიის წევრები, შეთანხმდნენ, რომ საჭირო იყო სასამართლო სისტემის ყოვლისმომცველი რეფორმა.
იმედი მაქვს, ქართველები ასეთი რეფორმის საჭიროებას". - თქვა აშშ-ის ელჩმა.
1-ლ დეკემბერს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 4 კანდიდატი უვადოდ დანიშნა. შედეგად, უზენაეს სასამართლოში უვადოდ დაინიშნენ: თამარ ოქროპირიძე, გენადი მაკარიძე, ნინო სანდოძე, თეა ძიმისტარაშვილი.
ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფუნდამენტური რეფორმების გატარებამდე მმართველმა გუნდმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა უნდა შეაჩეროს. კითხვებს ბადებენ ის მოსამართლეებიც, რომლებიც ე.წ. კლანის წევრებად მიიჩნევიან. ამავე დროს, ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ პროცესი უპრეცედენტოდ გამჭვირვალეა და კითხვებს არ ბადებს.
მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას არ დასწრებია სახალხო დამცველის აპარატი. დასწრებაზე უარი თქვა ევროკავშირის წარმომადგენლობამაც.
მოსმართლეების მოსმენის პროცესში განცხადება გაავრცელა აშშ-ის საელჩომაც, სადაც ნათქვამია, რომ კიდევ ერთხელ, იმედგაცრუებულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესის გაგრძელების გამო.
არასამთავრობო ორგანიზაციები წლებია მიუთიუთებენ, რომ სასამართლო სისტემას ე.წ კლანი მართავს, რომელიც ხელისუფლების სასარგებლო გადაწყვეტილებებს იღებს. სწორედ ამ მიზეზით ისინი, ისევე, როგორც საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ხელისუფლებას მოუწოდებდნენ, შეეჩერებინათ დანიშვნები უზენაეს სასამართლოში.
ეს პუნქტი ჩაიწერა შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმებაში. მოგვიანებით რამდენჯერმე გააკეთა განცხადება აშშ-ის ელჩმაც. თუმცა, ხელისუფლებამ დანიშვნების პროცესი არ შეაჩერა და უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეები 12 ივლისსაც დანიშნა.